Saturday, December 3, 2011

კახეთი,ქართლი და სვანეთი... 1-ლი ჯგუფის ნამუშევარი



კახეთი

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

ქართლი

ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).
ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა. ქართლის სამეფო როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მეტად ძლიერი, ხოლო კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ძვ. წ. 65 ქართლი დალაშქრა პომპეუსმა. I-II სს. ქართლი კვლავ გაძლიერდა და IIს. 30-50-იან წლებში, ფარსმან-II-ის მეფობის დროს ქართლის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. IV საუკუნეში ქართლში ვრცელდება ქრისტიანული რელიგია.
V საუკუნის ბოლოდან იწყება ქართლის საუკუნოვანი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს ქართლის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მან დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. VII-IX სს. ქართლში არაბები ბატონობდნენ. Xს. ქართლი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო XV-XVIII სს. ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელიც 1801 წლამდე არსებობდა.

სვანეთი

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.


ღირსშესანიშნაობები:
სოფელი უშგული
სვანური კოშკი
სვანური სახლი "მაჩუბი"
წარმართული ხასიათის ნიშები
ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
მარგიანების სახლ-მუზეუმი

No comments:

Post a Comment